გილოცავ ძმაო ჩემო, გილოცავ კიდევ, კიდევ და კიდევ, სულ, გაუთავებლად, თითქოს ღრუბლების ავედით კიბეზე თითქოს უწონობას ვგრძნობთ და
ცისთვალება, ისეთი ღამეა, ისეთი ივნისი მგონი გამოუჩნდა სამყაროს კიდე, მე და შენ მიღმაშიც ერთადვე ვივლიდით ჰო ძმაო ჩემო, გილოცავ კიდევ,
ყველა შენს სიხარულს და შენს სიმარტოვეს და შენს სიმრავლეს და დრო ისე გადის, მგონი შემოვრჩით მარტო შენ, მარტო მე, ისევ სიხარულის და ისევ დარდის
გზაჯვარედინებზე, აზრებს ვანსხვავებდით, სიტყვის მნიშვნელობას, სიტყვისა - ”არასდროს”, როცა გავედინეთ ჩრდილებს ვარსკვლავეთის, მათმა სიმხურვალემ ღამეც ხომ დაადნო და ხომ გვაახლოვა
ისევ ის სიჩუმე, სწორედ ის სიჩუმე ჩვენ რომ გვაშორებდა, კრთომა საყურეთა ალუბლის ვიჩუქე და შენ გისახსოვრე ახლოდან შორეთთა,...............................
თუ გარდაცვალება საზღვარს დაიკედლებს მე შენ სასიცოცხლო სიკეთეს გისურვებ, სიკეთე სიკეთის სანაცვლოდ ვიკეთე, კიბეზეც ავდივართ, გილოცავ კიდევ,
ჩვენ ვერ ამოგვიცნობს ვერავინ ვერასდროს, ნება თუ არ დავრთე, მე თუ არ ვინებე, თავის წარმოჩენას ვინც გინდა ეცადოს, საიდუმლო ენას? ლოცვებს და გინებებს,
წყევლას და დიდებას, როგორც გამარჯვებას ბრძოლად აღვიქვამ და ომიც არ მთავრდება და მე კვლავ გილოცავ, სული მემარჯვება ღამის კვალს გილოცავ, ღამეც ცისთვალება
ჩრდილნარევი სახით, სიჩუმეში გალობს, გესმის რა ხმებია? გესმის სად ავდივართ? მე სულ შენი ვარ და მე სულ შენთან ვარო, მოსდევს სურნელებას, მიღმა ბაღებიდან.